ავტორიზაცია
სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანის ფაზი-მოდელირება ექსტრემალური გარემოსთვის
ავტორი: გია სირბილაძესაკვანძო სიტყვები: სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანა, მრავალკრიტერიალური ოპტიმიზაცია, შესაძლებლობითი თეორია, ფაზი-დაფარვის ამოცანა
ანოტაცია:
სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანების გადაწყვეტა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ბოლო დროს გზებზე შექმნილი გართულებული სიტუაციების გამო: 1. ტრანსპორტით გადატვირთული გზები; 2. ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა: კატასტროფები, მიწისძვრები, სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული გზებზე ცუდი ხილვადობა და სხვ. ყოველივე ეს ართულებს სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანების გადაწყვეტას. ასეთ შემთხვევაში გზებზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების მინიმიზაციის ამოცანასთან ერთად ჩნდება ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა მარშრუტებზე გადაადგილების განხორციელების შესაძლებლობის მაქსიმიზაცია. ამ უკანასკნელის აგება დაკავშირებულია საექსპერტო ცოდნის ფორმირებისა და ინჟინერიის მეთოდებთან და ტექნოლოგიებთან. მეორე კრიტერიუმი წარმოშობს სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ბი-კრიტერიალურ ამოცანას. კვლევაში განხილულია მინ-მაქს ტიპის ბიკრიტერიალური სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანა ექსტრემალური გარემოსთვის. აგებულია ახალი სუბიექტური კრიტერიუმი - ჩაკეტილ გზებზე გადაადგილების განხორციელების შესაძლებლობის მაქსიმიზაცია. კრიტერიუმის ასაგებად გამოყენებულია შოკეს სასრული ინტეგრალი. წარმოდგენილია ამ ამოცანის რეალიზაციის ორ-ეტაპიანი სქემა. პირველ ეტაპზე კონსტრუქციული მიდგომით ფორმირდება ე.წ. „იმედის მომცემი“ ჩაკეტილი მარშრუტები. მეორე ეტაპზე შერჩეული „იმედის მომცემი“ ჩაკეტილი მარშრუტებისთვის ფორმირებული მინ-მაქს ტიპის ბიკრიტერიალური კომბინატორული ოპტიმიზაციის ამოცანა, რომელიც სკალირებულ მოდელში დაყვანილია კლასიკურ მინიმალური დაფარვის ამოცანაზე. ამ უკანასკნელის რიცხვითი ამოხსნისთვის გამოყენებულია შტოებისა და საზღვრების ზუსტი ალგორითმი. შექმნილია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ახალი მიდგომის შედეგების შესაფასებლად განხილულია რიცხვითი მაგალითი. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ სადისტრიბუციო ქსელებზე განუზღვრელობისა და ექსტრემალური სიტუაციების წარმოშობის პირობებში ოპტიმალური მარშრუტები იცვლება იმ ხარისხით, რა ხარისხითაც განუზღვრელობა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების გზებზე დროული გადაადგილების ხელის შემშლელ ფაქტორს.
მიმაგრებული ფაილები:
Fuzzy Modeling of the Vehicle Routing Problem for Extreme Environment [en]Fuzzy Modeling of the Vehicle Routing Problem for Extreme Environment [en]