ავტორიზაცია
საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ჯიშის კაკლის სამკურნალო თვისებების შედარებითი შესწავლა ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე
ავტორი: დიანა ძიძიგურითანაავტორები: მ. ქურასბედიანი, მ. მიქაძე, გ.ქუთელია, თ. მახვილაძე, ნ. ნადირაშვილი, ს. მოსიძე, ნ. დორეული, ნ. ჭიკაძე, თ. ჯოხაძე, ე. თავდიშვილი, მ. გაიოზიშვილი, შ. შეთეკაური, ლ. რამიშვილი, გ. ბურჯანაძე და სხვა
საკვანძო სიტყვები: კაკალი, ლეიკოპენია, თეთრი თაგვი
ანოტაცია:
ძირითადი გართულებები, რომლებიც ვითარდება სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში სხივური და/ან ქიმიოთერაპიის შემდეგ და განპირობებულია ორგანიზმის იმუნური პასუხის დაქვეითებით, დღემდე რჩება ონკოლოგიის აქტუალურ პრობლემად. ამ პრობლემების დასაძლევად, მედიცინაში გამოიყენებული სხვადასხვა ბუნების ფაქტორები (მაგალითად, კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორები), ერთის მხრივ არის ძვირადღირებული და გარდა ამისა, გააჩნიათ გარკვეული უარყოფითი მხარე, რაც სიმსივნური ზრდის სტიმულაციაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, დღემდე აქტუალურია იმუნოკორექციის უნარის მქონე ბუნებრივი, მათ შორის, მცენარეული წარმოშობის ნაერთების ძიება. განსაკუთრებით დიდია ინტერესი ბერძნული კაკლის (Juglans regia) მიმართ, რომლის ფოთლებიდან და ასევე კაკლის უღელებიდან მიღებულ პრეპარატებს სისმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების უნარი გააჩნიათ. დაავადებათა ფართო სპექტრისთვის აღწერილია ასევე, სხვადასხვა გზით დამზადებული კაკლის უღლების ექსტრაქტების დადებითი ეფექტები. დადგენილია, რომ ბერძნული კაკლის უღლების წყლიან ექსტრაქტს გააჩნია:1. თეთრი ზრდასრული თაგვების სისხლის ლეიკოციტური ფორმულის ნორმალიზაციის უნარი ციკლოფოსფანის ერთი- და ორჯერადი ინექციის შემდეგ, რაც ძვლის ტვინში მიელოიდური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროცესის და ბლასტური ფორმების გაყოფს სტიმულაციის გზით მიიღწევა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვხვდება სხვა ჯიშებიც (მაგ: ამერიკული კაკალი - პეკანი- Carya pecan) საინტერესო იყო იმის დადგენა, გააჩნიათ თუ არა მას, მსგავსი სამკურნალო თვისებები. სამუშაოს მიზანი. სხვადასხვა კაკლის სამკურნალო თვისებების შედარებითი შესწავლა ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე. კვლევის მასალა და მეთოდები. კვლევის მასალად გამოყენებული იქნა ბერძნული (Juglans regia) და ამერიკული კაკლის (Carya pecan) უღლები. კაკლის უღლების წყლიანი ექსტრაქტების სამკურნალო თვისებების შესაფასებლად გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები: 1. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების საერთო რაოდენობის განსაზღვრა; 2.უჯრედების გადანაწილების შეფასება უჯრედული ციკლის ფაზების მიხედვით პროპიდიუმ იოდიდით შეღებვის მეთოდით; 3. თაგვის ძვლის ტვინის ქრომოსომული პრეპარატის ანალიზი; 4. ქცევითი პარამეტრების ცვლილების შეფასება; 5. ერითროციტების მემბრანის მდგრადობისა და სორბციულ უნარიანობის შესწავლა. 6. კატალაზას აქტივობის და აზოტის ოქსიდის რაოდენობის განსაზღვრა. მიღებული შედეგები და განხილვა. ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე როგორც ბერძნული, ასევე ამერიკული კაკლის უღლების ნაყენის ზემოქმედებით ციკლოფოსფანის შეყვანიდან მე-4 და მე-8 დღეს აღინიშნა ციტოგენეტიკური მაჩვენებლების ნორმალიზაცია. ამასთან, ეფექტი უფრო მნიშვნელოვანად არის გამოხატული შეყვანიდან მე-8 დღეს. განსაკუთრებით მაღალი ეფექტურობა ამ თვალსაზრისით ახასიათებდა ამერიკული კაკლის უღლების ექსტრაქტს. დადგენილი იქნა, ასევე აღნიშნული კაკლის უღლების ექსტრაქტით თეთრი ზრდასრული თაგვების სისხლის ლეიკოციტური ფორმულის ნორმალიზაცია. ორივე კაკლის ექსტრაქტი იწვევს ფერმენტ კატალაზას აქტიურობის და აზოტის ოქსიდის რაოდენობის ცვლილებების ნორმალიზაციას. გამოვლინდა ბერძნული კაკლის უღლების ზემოქმედებით ერთროციტების სორბციის უნარიანობის ზრდა და ციკლოფოსფანის ინექციის შედეგად დარღვეული მოტორული აქტიურობის და დასწავლის ზოგიერთი პარამეტრის კორექცია. შედარებით მცირედ არის გამოხატული აღნიშნულ პარამეტრებზე ამერიკული კაკლის დადებითი ეფექტები. დასკვნა. ბერძნული (Juglans regia) და ამერიკული კაკლის (Carya pecan) უღლების წყლიან ექსტრაქტებს გააჩნიათ თეთრ ზრდასრულ თაგვებში ციკლოფოსფანის ინექციის საპასუხოდ დარღვეული ბიოქიმიური, გენეტიკური, ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური პარამეტრების ნორმალიზაციის უნარი. დადებითი ეფექტები, რომლებიც არ იყო მიღებული ამერიკული კაკლის შემთხვევაში გარკვეულ ფიზიოლოგიურ და მოლეკულურ პარამეტრებზე, შეიძლება აიხსნას უღლებში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის განსხვავებული პროცენტული შემცველობით.
მიმაგრებული ფაილები:
Dzidziguri 2016 ENG [en]Dzidziguri 2016 GEO [ka]