ka | en
Company Slogan TODO

ადრეცარცული ბელემნიტიდების როსტუმების დაზიანებების შესახებ

ავტორი: შალვა კელეპტრიშვილი
საკვანძო სიტყვები: ბელემნიტი, როსტრუმი
ანოტაცია:

ბელემნიტიდები წარმოადგენენ თავფეხიანი მოლუსკების ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს იურული და ცარცული ნალექების სტრატიგრაფიისათვის. მათი ნაშთები როსტრუმებისა, და იშვიათად ფრაგმოკონების სახით, ხასიათდებიან გლობალური გავრცელებით ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის მეზოზოურ ნალექებში. ბელემნიტიდების როსტრუმები სიცოცხლის დროინდელი ტრავმული დაზიანებით პირველად აღწერილი და დასურათებული იქნა XIX საუკუნის 40-იან წლებში. შესწავლილ იქნა ადრეცარცული ბელემნიტების რამოდენიმე ათეული როსტრუმი, რომლებზედაც აღენიშნება სიცოცხლისდროინდელ დაზიანებათა კვალი. გვხვდება შემდეგი ფორმის დაზიანებები: ა) როსტრუმის გაღუნვა; ბ) როსტრუმის წვეროს მომრგვალება და გადაადგილება; გ) აპიკალური ხაზის გაღუნვა და გადახრა; დ) როსტრუმის მოტეხა; ე) როსტრუმის ზედაპირული შრეების დაზიანება. დაზიანებათა ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ბელემნიტიდების ბიოლოგიის ზოგიერთი საკითხი. ჩვენს მიერ აღწერილია სიცოცხლის ადრეულ სტადიაზე როსტრუმის მთლიანად მოტეხის რამოდენიმე შემთხვევა. როსტრუმების მექანიკური დაზიანებების (მოტეხების) ყველა შემთხვევა შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ა) მოტეხები, რომლებმაც გამოიწვიეს მანტის დაზიანება; ბ) მოტეხები მანტიის მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე. როგორც ფრაგმოკონი, ასევე როსტრუმი განიცდიდა როგორც სიცოცხლისდროინდელ, ასევე სიკვდილისშემდგომ დაზიანებებს. ამასთან ფრაგმოკონები ნამარხ მდგომარეობაში გვხვდება ძალზე იშვიათად. ამიტომაა იშვიათი მათი დაზიანებების მონაპოვრები, მაგრამ ეს იშვიათი მასალაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფრაგმოკონის დაზიანება (განსაკუთრებით მისი საწყისი ნაწილისა) არ ახდენდა გავლენას მის სიცოცხლისუნარიანობაზე. ჭრილობების მოშუშების შემდეგ ცხოველი აგრძელებდა არსებობას. როსტრუმისა და ფრაგმოკონის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების, აგრეთვე სიკვდილის შემდგომი დეფორმაციებისა და ცვლილებების ანალიზმა გვიჩვენა, რომ არ შეიძლება ერთნიშნად განვსაზღვროთ როსტრუმის სიცოცხლისდროინდელი აგებულება. ალბათ, ბელემნიტიდების სიცოცხლის დროს ამ ორგანიზმების როსტრუმის ძირითადი ნაწილი იყო მაგარი, კალციტოვანი, ხოლო ალვეოლასთან მიმდებარე ნაწილში – რბილი, ელასტიური, ორგანული. როსტრუმების ეს ნაწილი ბელემნიტიდების სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვა ზომისა იყო.


მიმაგრებული ფაილები:

ადრეცარცული ბელემნიტიდების როსტუმების დაზიანებების შესახებ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com