ka | en
Company Slogan TODO

ეგზოგენურად შეყვანილი კრეატინის გავლენა სისხლის ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლებზე

ავტორი: natalia dachanidze
თანაავტორები: ნ. დაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: სტრესი, კრეატინი, მაღალისიმკვრივის ლიპოპროტეინები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ქოლესტერინი
ანოტაცია:

ცნობილია, რომ ხანგრძლივი სოციალური იზოლაცია და ბუნებრივი დღე-ღამური რიტმის დარღვევა მიჩნეულია მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორებად, რომელნიც იწვევენ სხვადასხვა სახის მეტაბოლურ და მენტალურ დარღვევებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემული სტრესორების გავლენა სულ უფრო დიდ არეალს იკავებს, შესაბამისად მათი მოქმედების მექანიზმის გარკვევა და დახასიათება თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. დადგენილია, რომ სტრესის შედეგად იცვლება ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები, რაც გამოოიხატება ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის გაძლიერებით, ენერგეტიკული მეტაბოლიზმისა და ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობის დაქვეითებით და სხვა მნიშვნელოვანი სისტემების აქტივობის ცვლილებით, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობაზე. ასეთ პირობებში ზოგიერთი საკვები დანამატის ორგანიზმზში ჭარბი რაოდენობით შეყვანა კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იმ ცვლილებებს, რაც სტრესის შედეგად ვითარდება, ასეთ დანამატად მიიჩნევა კრეატინი, რომელიც ფართოდ გამოიყენებაიმ ფიზიკური პირების მიერ, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის ქვეშ იმყოფებიან. მიუხედავად კრეატინის დადებითი ეფექტისა ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, ფაქტიურად დაუდგენელია მისი გავლენა ისეთ მნიშვნელოვან პროცესზე, როგორიცაა სისხლში ლიპიდური სპექტრი ცვლილება, რაც თავის მხრივ, მთელი რიგი პათოლოგიების მიზეზად მიიჩნევა. ნაშრომში შესწავლილია თეთრი ვირთაგვის სისხლში ლიპიდური სპექტრის ცვლილების შეფასება ხანგრძლივი სოციალური იზოლაციითა და ბუნებრივი დღე-ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში ორგანიზმში ეგზოგენური კრეატინის შეყვანის ფონზე. ნანახია, რომ სტრესის პირობებში ექსპერიმეტული ცხოველების სისხლში ადგილი აქვს ლიპიდური სპექტრის ცვლილებას, რაც გამოიხატება ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობრივ მატებაში. ამავე პირობებში ადგილი აქვს ლიპოპროტეინების რაოდენობრივ ცვლილებებსაც, რაც ვლინდება მათი შემცველობის მატებით. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ისეთი დანამატი, როგორიცაა კრეატინი, მნიშვნელოვნად ზრდის საერთო ლიპიდების, ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას სისხლში ათეროგენულობის კოეფიციენტის გაზრდის ფონზე, რაც ისეთი დაავადებების ჩამოყალიბების წინაპირობაა, როგორიცაა ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება და გულ–სისხლძარღვოვანი სისტემის სხვა პათოლოგიები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com