ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება

ავტორი: ირაკლი მეგრელიძე
საკვანძო სიტყვები: თოვლის ზვავები, სტიქია, ადრეული შეტყობინების სისტემა
ანოტაცია:

საქართველოს ტერიტორიის რთული რელიეფი ხშირად ხელს უწყობს ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების გამწვავებას და სხვადასხვა სახის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (წყალდიდობა-წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი, სეტყვა, ძლიერი ქარი, გვალვა და სხვა) ფომირებას. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ათწლეულებში, კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე აშკარად შეინიშნება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. ეს მოვლენები მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს და ხშირად ადამიანთა მსხვერპლს იწვევენ. საქართველოს ტერიტორიაზე თოვლის ზვავები განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათისაა კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და გურია-აჭარის საშუალო და მაღალმთიან ზონებში. სულ ქვეყანაში ფიქსირდება 5000-მდე ზვავსაშიში კერა რომელთაგანაც 1100-ზე მეტი ემუქრება საავტომობილო მაგისტრალებს, დასახლებულ პუნქტებსა და სხვა საკომუნიკაციო ნაგებობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1970-1971, 1975-1976, 1986-1987, 1996-1997, 2004-2005 წლები, როდესაც დიდთოვლობის გამო ჩამოდიოდა კატასტროფული მოცულობის ზვავები. ზარალმა შეადგინა 750მლნ დოლარზე მეტი. დაიღუპა 176 ადამიანი. ზვავსაშიშროების სიხშირისა და ინტენსიობის მიხედვით განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი, სადაც ფიქსირებული 59 ზვავსაშიში კერიდან 41 ემუქრება უშუალოდ გზას. ზვავსაშიშროების გამო გზის ამ მონაკვეთის ჩაკეტვის ხანგრძლივობა სეზონზე 20-50 დღის ფარგლებშია, გაზაფხულზე კი, ტემპერატურის მატებასთან ერთად გზის ეს მონაკვეთი დღის საათებში იკეტება საშუალო 30-40 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა ზემოხსენებულ მონაკვეთზე ჩატარდეს დეტალური გეომორფოლოგიური კვლევები, დამონტაჟდეს ავტომატური თოვლსაზვავე სადგურები და ადრეული შეტყობინების სისტემა. აგრეთვე აღდგეს თოვლის ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების სამსახური, რომელიც გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com